Thursday, December 8, 2011

ყვავილები




ყაყაჩო (Papaver), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. 100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს, იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში. კულტურაში ცნობილია ხაშხაში (P. somniferum), რომლის თესლს კვების მრეწველობაში და აგრეთვე სამკურნალოდ იყენებენ, კოლოფისგან იღებენ ოპიუმს (შეიცავს ალკალოიდებს მორფიუმსა და კოდეინს). საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან დეკორატიულია P. orientale, P. pseudoorientale და P. oreophilum.


იასამანი

იასამანი (Syringa), მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-დე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.
პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილოს ექსტრატს, სადურგლო საქმეში - მერქანს.



ია

ია (Viola), მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები. გვირგვინის ქვედა ფურცელი წარზიდულია დეზად, რომელშიც სანექტრეა მოქცეული. ზოგიერთს უვითარდება კლეისტოგამური ყვავილები. ნაყოფი სამსაგდულიანი კოლოფია. ზოგ სახეობას ახასიათებს ამფიკარპია. ცნობილია 500-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია 26 სახეობა, მათგან 3 კავკასიისა და 2 საქართველოს ენდემია. საქართველოში ია იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, კლდეების ნაპრალებში, ჩამონაზვავებზე, ზოგი (Viola alba) სარეველაც არის. ია დეკორატიული მცენარე (იაჟუჟუნა — Viola tricolor და სხვა), ზოგს (სერნელოვანი ია — Viola odorata) პარფიუმერიაში იყენებენ.



No comments:

Post a Comment